კოდაში ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომპლექსური, მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა. გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია და რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნანა გუგუჩია, მოადგილეები: მარინა ონიანი და ნანა უბილავა ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში, დევნილებმა კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრისა და დევნილთა პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო მომსახურება (ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და სხვა) გაიარეს. მთელი დღის განმავლობაში მათ კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (ეკგ, ულტრასონოგრაფია, გლუკომეტრია, ჰემოგლობინის განსაზღვრა, რენტგენოგრაფია) ჩაიტარეს. იძულებით გადაადგილებულ პირებმა მედიკამენტები და ჰუმანიტარულ დახმარება (გლუკომეტრები, ტონომეტრები, საბავშვო პამპერსები და სხვ.) მიიღეს.

კოდაში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში 200-მდე ოკუპირებული აფხაზეთიდან და 1100-მდე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ცხოვრობს.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.