უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს

.

      2 აგვისტოს ქართული ეკლესია ერთდროულად რამდენიმე თარიღს აღნიშნავს:

ხსენება წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე);

მართლისა ილიასი (ჭავჭავაძისა, 1907);

მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (XVIII);

ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325) და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის ანგელოზის დღეს.

   ანგელოზის დღეს პატრიარქს უამრავი ადამიანი სტუმრობს და ულოცავს, ვუერთდებით ერის სიხარულს და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით ვულოცავთ პატრიარქს  ანგელოზის დღეს. ის  საყოველთაო სიყვარულს სრულიად სამართლიანდ იმსახურებს. უწმინდესის ღვაწლისა და დამსახურების ჩამონათვალი ძალიან დიდია… მან შეძლო, რომ ეკლესიამ განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართველის გულში.

  უწმინდესმა ღვთის ძალითა და მადლით მოახერხა და ააღორძინა საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება, მან გახსნა სასულიერო სასწავლებლები, მაშინ როდესაც ეს, თითქმის, წარმოუდგენელი იყო, იგი იყო და არის მშვიდობისმყოფელი ყველგან და ყველა საკითხში, რომელიც ადამიანთა და ერთა ურთიერთობებს შეეხება, მან პირველად საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში მოთხოვა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა…

    1977 წელს, როდესაც ილია II ავიდა საპატრიარქო ტახტზე, მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია, მცირე იყო მორწმუნეთა რაოდენობა, კომუნისტური რეჟიმი ბატონობდა მთელს ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, მან მოახერხა დამოწაფება და დაბრუნება ქართველი ხალხისა ეკლესიაში, მან მოდრიკა მაშინ სარწმუნოებისაკენ ბევრი ჩინოვნიკი კომუნისტიც, ზოგიერთი მათგანი, მას, საიდუმლოდ აბარებდა აღსარებას, ასე იწყებდნენ ახალ ეკლესიურ ცხოვრებას საქართველოში…