აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქართულ-ამერიკულ კლინიკასთან თანამშრომლობს

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქართულ-ამერიკულ კლინიკასთან თანამშრომლობს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო და პრაქტიკული რადიოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს. აღნიშნული კლინიკა  2012 წელს დაარსდა,  გამოკვლევები ტარდება თანამედროვე დიაგნოსტიკურ აპარატურაზე,  კვლევის შედეგები ციფრულ ფორმატში იგზავნება  ამერიკულ ცენტრში, სადაც დიაგნოზს ამერიკელი რადიოლოგები განსაზღვრავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს ,  შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემდეგი სახის სერვისები;

1.მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია

აპარატი HITACHI-ს  ფირმისაა და ღია მაგნიტური ტომოგრაფების რიცხვს მიეკუთვნება, და ამიტომ მასზე გამოკვლევა ადვილია იმათთვისაც, ვისაც დახურული სივრცის   შიში (კლაუსტროფობია) ახასიათებს.  ყველაზე ხშირად ხდება შემდეგი უბნების გამოკვლევა:

. თავის ტვინი;

. თვალბუდეები, თვალები, ჰიპოფიზი;

. ხერხემლის კისრის, გულმკერდის და წელის არეები.

. მაჯის, იდაყვის, მხრის, მენჯბარძაყის, მუხლისა და კოჭის სახსრების, ასევე  

ხელის მტევნისა და ტერფის გამოკვლევა;

  1. კომპიუტერული ტომოგრაფია

აპარატი SIEMENS-ის ფირმისაა. კომპიუტერული ტომოგრაფია უხშირესად გამოიყენება გულმკერდის, მუცლის ღრუს ორგანოებისა და მენჯის გამოსაკვლევად.  შესაძლებელია სხვა სტრუქტურების გამოკვლევაც, (თავი, ძვალ-სახსროვანი სისტემა და ა.შ.), თუმცა ამ შემთხვევებში მაგნიტური ტომოგრაფია გაცილებით უფრო ინფორმატიულია.

3.ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია)

აპარატი SIEMENS-ის ფირმისაა(acuson) ულტრაბგერით შესაძლებელია ყველა იმ ორგანოს გამოკვლევა, რომელიც ჰაერს არ შეიცავს, მეტ-ნაკლები ინფორმატიულობით შეიძლება გამოკვლეული იქნეს ყველა ორგანო და ქსოვილი  ფილტვებისა და  ნაწლავების გარდა.

უხშირესად ულტრაბგერით ხდება  გულის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ელენთის, თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლების, საშვილოსნოს და მისი დანამატების, პროსტატის, სათესლე ჯირკვლების, შარდის ბუშტის, ასევე ზედაპირული და ღრმა სისხლძარღვების გამოკვლევა. შეუცვლელია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის დროს ნაყოფის გამოკვლევისას.

4.ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა:

კლინიკაში დაინერგა ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის მეთოდი: თავდაპირველად ხდება სიმპტომების გამომწვევი პათოლოგიის  ზუსტი დიაგნოსტიკა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, შემდეგ კი ამ პათოლოგიის მკურნალობა მიმდინარობს მედიკამენტებით, ლაზერის სხივით, მანუალური თერაპიით და  ხერხემლის კომპიუტერული დაჭიმვის ულტრა-თანამედროვე  ACCU-SPINA აპარატით , რომელიც კლინიკაშია დამონტაჟებული. კომპლექსური მკურნალობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაციენტის გამოჯანმრთელებას, და ხშირ შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას ხსნის.

ქართულ–ამერიკული სამედიცინო ცენტრი
თბილისი, გოთუას 3
ტელ: +99532 243–00–73; +995 599-31-10-21