სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალი მზერა“-ს, ენდოკრინოლოგიის ცენტრ „ენმედიცი“-ს, სენაკის ფსიქონევროლოგიური კლინიკის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და ჩიჩუების კლინიკა „მზერა“-ს წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მომსახურებები.


სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოცილური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ახორციელებდნენ.